ბევრი ძიების შემდეგ, მივედი დასკვნამდე, რომ იმის კარგად გაგებისთვის, თუ რა არის ხელოვნება უნდა დავფიქრდეთ, თუ რა როლს ასრულებს იგი ჩვენს ცხოვრებაში. ამისთვის საკმარისია წარმოვიდგინოთ, რასაც არ სჭირდება ხელოვნებაში დიდი განსწავლულობა, თუ როგორი იქნებოდა ადამიანი და მისი გარემოცვა ხელოვნების, ადამიანის შემოქმედებითი გენიის ტრიუმფის, სახეებში ხორცშესხმული ოცნების, ფიქრის და სილამაზის; ჯადოსნური ფუნჯის ან საჭრეთლის შეხებით თითქოს გაქვავებულს, მაგრამ მაინც მარად მოძრავის და ცვალებადი სინამდვილის ; ნაცადი საშუალებებით ასახულ-განსახიერებული განცდის და იდეის, ქალის მშვენიერების და მამაკაცის ძლიერების ; ცისა და მიწის მომხიბვლელობის, სიცოცხლის ჰიმნის, ხილული იდეალის და მისი აღქმის გარეშე. როგორ დაემსგავსებოდა ჩვენი ცხოვრება ჯორჯ ორუელის უტოპიურ „1984“, როგორი მსგავსება იქნებოდა ჩვენსა და მის პერსონაჟებს შორის, რომლებიც სრული ტოტალიტარიზმის ეპოქაში ყოველგვარი, ღვთიური თუ ადამიანის შემოქმედების, სიამოვნების აღქმის გარეშე, ჭიანჭველებივით ცხოვრობენ, შუშის სარკოფაგში. ინდივიდუალიზმის არმქონე ჯარისკაცები, ფიზიკურად განსხვავებული მაგრამ ერთნაირად მოქმედი და მოაზროვნე ბრბო, რომელებიც თავიანთი „კეთილდღეობისათვის“ ირიცხებიან და შრომობენ მილიარდეულში სხვა მათნაირ ბანალურ კაცუნებთან ერთად.
წარმოიდგინე შენი საოცნებო ქალაქი, მოჩუქურთმებული შენობების, ლამაზი ხიდების, ეგზოტიკურად მოწყობილი კაფე-ბარების, მომღიმარი, გემოვნებიანად გამოწყობილი, არეულად მოძრავი, ხალისიანი ადამიანების, თითქმის ხელოვნების ნიმუშად ქცეული ავტომობილების, გამწვანებული ქუჩების ნაცვლად, საბჭოეთის ტოტალიტარიზმში აშენებულ „კორპუსებზე“, ნაცრისფერ ასანთის კოლოფებს რომ გვანან, უფრო უსახურ შენობებს შორის მოძრავი ნაცრისფერ რეზინებში „გახვეული“, გულისამრევი კანონების ერთგული და მორჩილი ბრბო, მხოლოდ თავიანთი უბადრუკი, ყავისფერი სიცოცხლისთვის რომ იღწვიან, რომელსაც მხოლოდ ბავშვობიდან დაყოლილი სიკვდილის შიშის გამო ახანგრძლივებენ, ამ ინსტიქტის არქონა „უკეთესიც“ კი რომ იქნებოდა.
წარმოიდგინე მზიანი დილა საყვარელი მუსიკის გარეშე, დასვენება დამღლელი დღის შემდგე ბეთჰოვენის, მოცარტის, ბახის, შუბერტის გენიალური შემოქმედებების გარეშე. წვიმა შოპენის პრელუდიების გარეშე. ცხოვრება კუბრიკის, ჰიჩკოკის, სპილბერგის, ტარანტინოს კინო შედევრების ჩაიკოვსკის გედების ტბის, პავაროტის ვოკალის, საყვარელი წიგნების, გარეშე. დასვენება ბუნების წიაღში, პეიზაჟის, ყველაზე დიდი ხელოვანის მიერ შექმნილი ნამუშევრების, აღქმის გარეშე. როგორი ერთფეროვანი და წრიული იქნებოდა სიცოცხლე. გაიხსენე ადამიანის შემოქმედებითი უნარის გამოვლინების ნიმუშები, რომლებმაც ერთხელ მაინც, შენს სიცოცხლეში, სიხარული მოგანიჭეს, მოხვეტე, დაკუჭე და სანაგვეში გადაყარე, მაშინ შეგექმნება მცირე წარმოდგენა, თუ როგორი იქნებოდა ; მიუხედავად ამისა, რამდენიც არ უნდა ვეცადოთ, ვერ წარმოვიდგენთ სრულყოფილ სურათს იმისას, თუ როგორი იქნებოდა ცხოვრება ხელოვნების გარეშე.
ხელოვნება ხომ ისევე მრავალფეროვანია როგორც თვით ცხოვრება. მის ნათელ რეგიონებში თავს იყრის მთელი სამყარო. მისი მთავარი თემაა ცხოვრება. ამიტომაც ხელოვნება ხალხს ეკუთვნის. მისი ამომწურავი განმარტება ძნელია, მაგრამ მისი განცდა მისაწვდომია ყოველი ადამიანისათვის, რადგან ესაა ჩვენი შეუცნობელი მისწრაფება მშვენიერებისაკენ. ხელოვნება სასინჯი ქვაა კაცის განათლებისა და ნიჭისა.
ხელოვნება სინამდვილის ან იდეების ანარეკლია, მათგან მიღებული შთაბეჭდილებათა შემოქმედებითი ასახვაა ისეთი მასალითა და საშუალებით, რაც შეიძლება დავინახოთ, მოვისმინოთ, რასაც შეიძლება შევეხოთ.
„ხელოვნება, ფართო გაგებით გულისხმობს ცალკეულ „ხელოვნებათა“ მთელ ანსამბლს, ლამაზი ფორმებისა და ღრმა შინაარსის ჰარმონიულ ერთობლიობას, მთელს „მშვენიერებათა მეცნიერებას“, რაც გამოხატავს ბუნებისა და ადამიანების ურთიერობის რთულ სამყაროს, მშვენიერების ზეიმს, ქვასა და ტილოში, ფრესკასა და ნაგებობაში, ნივთიერსა და წარმოსახვით შექმნილ სახეებში. ამ გაგებით ხელოვნების სახეებია თვით ლიტერატურა, თეატრი, კინოხელოვნება, ფერწერა, ქანდაკება, გრაფიკა, ხურორთმოძღვრება, მუსიკა, ცეკვა, გამოყენებითი ხელოვნება...“.