ხელოვნება დროის შვილია, სარკეა კაცობრიობის, ხედავს და იზიარებს მის მდგომარეობას, იბრძვის და იღწვის მასთან ერთად. საუკუნეების და ათასწლეულების მანძილზე ვითარდებოდა ხელოვნება, ალტამირის ჭერის მოხატულობიდან ეგვიპტის ტაძრის მოხატულობამდე, პართენონის ტაძრის ფრიზებამდე, ფიდიასისა და პრაქსიტელის შდევრებამდე. „თუ ხალხთა ისტორიაში არის ამაღლება, დაცემა და კვლავ ამაღლება იგივე ხდება ხელოვნების ისტორიაშიც, რადგან კაცობრიობის ბედით ცხოვრობს, იგი მისი ისტორიული წარსულის ანარეკლია“. ადამიანის გენია ხელოვნების ნიმუშებს ქმნიდა მაშინ, როცა ჯერ კიდევ ვერ იმოსავდა სხეულს და ვერ აშენებდა სახლს, ცხოვრობდა გამოქვაბულში თუ ხიმინჯებზე ნაგებ საცხოვრებელში, ზღვისპირას თუ შუაგულ ხმელეთზე, ქვისა თუ ბრინჯაოს ხანაში. შუამდინარეთის ნაყოფიერ თუ აფრიკის ცენტრში.
„ხმელთაშუა ზღვა იყო ის ლურჯი აკვანი, რომლის გარშემოც გაიფურჩქნა ძველი ცივილიზაციის უმდიდრესი ბაღნარი. ეგვიპტის, შუმერის, ასირიის, ბაბილონის, ფინიკიის, მერე საბერძნეთისა და რომის ხელოვნებას კრძალვით მოიგონებს კაცთა მოდგმა, ვიდრე იარსებებს.“
პირველი აშკარა და ერთ-ერთი თვალსაჩინო გამოვლინება საზოგადოების ცხოვრების და ხელოვნების შორის კავშირისას, წარმოადგენს ძველი ეგვიპტე. ისეთი შორეულ წარსულში რომ მასთან შედარებით ძველი საბერძნეთი მახლობელი გვეჩვენება. ძვ. წ. III-II ათასწლეულში ხელოვნებას ისეთი მნიშვნელობა ქონდა მინიჭებული, რომლსაც, მანამდე და მის მერეც, პრეცენდენტი არ ყოლია. ისინი ცდილობდნენ შეექმნათ ღვთიური ხელოვნება, რადგან ფარაონები თავიანთ საბრძანებელს ისე განაგებდნენ, როგორ ღმერთები, „ღმერთებს კი ხელოვნებაც ღვთაებრივი ესაჭიროებოდათ“; აგებდნენ კიდეც უზარმაზარ პირამიდებს, სფინქსებს, სვეტებს, სამარხებს. ფარაონებმა იცოდნენ და საუკეთესოდ იყენებდნენ ხელოვნების ძალას. ზრუნავდნენ ხურორთმოძღვრებზე, მხატვრებზე, მოქანდაკეებზე, რადგან მათი დახმარებით ქმნიდნენ ისეთ ხელოვნების ნიმუშებს, რომლის მსგავსი კაცობრიობას არ უნახავს, საკუთარი თავების განსადიდებლად, ამასთანავე მყარ საფუძველს უყრიდნენ მომავალი ფარაონების სიდიადეს. პირამიდები სიდიდით და სიმკვრივით აღემატებიან ყველაფერს რაც კი ოდესმე შექმნილა, ხეოპსის პირამიდის სიმაღლე 146-ზე მეტი იყო, სიგანე 233 მეტრი. მის შუაგულში თავისუფლად მოთავსდებოდა წმ. პეტრეს ტაძარი და დარჩებოდა ადგილი ათენის პანთეონისათვის. ტაძრები, რომლების სვეტების სიუხვე გაუვალ ქვის ტყეებს ქმნიდნენ. ლუქსორის (ძვ. წ. II ათასწლეულში), ღვთაება ამონისადმი მიძღვნილ, სამლოცველო, რომლის ვარსკვლავებით მოხატული თაღით გამოხატავდა ნილოსის ღამეს. ერთიანად მოხატული კედლების გასწვრივ განლაგებულია ურიცხვი სტატუეტი და ქანდაკება. ხელოვნების ნიმუშები სადაც ყველაფერი მონუმენტური, დიდებული და გრანდიოზულია. ფარაონები უკვდავყოფდნენ თავიანთ გამარჯვებებს ბრძოლის ველზე, შიშის ზარს სცემდნენ ქვეშევრდომებს, მონების დასჯის სასტიკი სცენების კედლებზე ამოტვიფრით. გოლიათური ქანდაკებებით აოცებდნენ ისტორიის მამას ჰეროდოტეს. გრანდიოზული ხელოვნების ნიმუშების მეშვეობით ცდილობდნენ ხალხის დაშინებას, გაოცებას, მოწიწებით მონუსხვას. ფარაონი ეგვიპტეში მთავარი ღვთაების მზის - ამონ-რას, შვილად იყო მიჩნეული, რომელსაც ხელოვნების უნატიფესი ნიმუშების მეშვეობით განადიდებდნენ, ფარაონის ქანდაკებას აკერპებდნენ და უმწეოდ შეჰყურებდნენ მონები. ძველი სახვითი ხელოვნების ნიმუშზე ტუტ-ანხ-ამონის და მისი ცოლის ფერად, ხეზე ნაკვეთ რელიეფურ გამოსახულებაზე (ძვ. წ. 1400) წერია - „მშვენიერი ღმერთი, ორივე ქვეყნის მპყრობელი, რას ხატება“ ; „ფარაონის დიდი მეუღლე, ორივე ქვეყნის მპყრობელი ანხესენპაამონი, ცოცხლობდეს მარად.“
უზარმაზარი პირამიდები, სიმბოლო უპრეცედენტო მონური შრომისა, რომელთა მშენებლობა ხშირად ათწლეულების მანძილზე გრძელდებოდა. ხეოპსის პირამიდა, რომელსაც ასი ათასი მონა აშენებდა ოცდაათი წლის განმავლობაში და ყოველ სამ თვეში იცვლებოდა მონათა ეს მასა, ქვიშაში რჩებოდა, იმარხებოდა ათასობით ადამიანი. მარტო ქვის საზიდ გზას ათი წელი აშენებდნენ. მარტივი საშუალებებით ზიდავდნენ უზარმაზარ ლოდებს, რომელთა გადატანას დღეს დასჭირდებოდა ოცი ათასი საბარგო მატარებელი, 600 000 ვაგონი.
ეგვიპტელები ემზადებოდნენ, გარდაცვალების შემდეგ, იმქვეყნიური ცხოვრებისთვის. ფარაონთა სახეებს უკვდავყოფდნენ მუმიების, სფინქსების, გოლიათის ქანდაკებების სახით. რაც მეტი იყო მსგავსება ნეშტსა და ქანდაკებას შორის, მით მეტი იმედი ჰქონდათ, რომ იმქვეყნად მუმიის ორეული მარად იცოცხლებდა. ხელოვნებას ეგვიპტეში საკრალური მნიშვნელობა ჰქონდა მინიჭებული. ნიმუშების შესრულების ოსტატობაზე ამყარებდნენ იმქვეყნიური სიცოცხლის ბედ-იღბალს. ლაიფციგის მუზეუმში ინახება კედრის კუბო, რომელზედაც სამი ათასამდე ფიგურაა გამოსახული. მათ თავიანთი დანიშნულება ჰქონდათ აჩრდილების სამეფოში. მოხატული იყო ნავიც, რომლითაც ცოცხალ ადამიანებს ან სულებს უნდა ეცურათ მიწისზედა თუ მიწისქვეშა ზღვებში. მათი რწმენით ყოველივე ეს დასჭირდებოდათ სულეთში, სადაც ღმერთ ოსირისის დიდ სამსჯავროზე სიტყვა უნდა ეთქვათ.
როგორც ზღვის ტალღებზე მიტოვებული ნავი, ხელოვნებაც ასე ირწევა ადამიანის ხვედრთან ერთად, განდიდებას და დაკნინებას იგი ისევე განიცდის, როგორც საზოგადოება. ეგვიპტემაც კი, ერთდროს ყველაზე განვითარებული ცივილიზაციის კერამაც, გადაულოცა თავისი დიდება მომავალ იმპერიებს. მაგრამ ეგვიპტური ხელოვნება არ მომკვდარა, „მკვდარი ხელოვნება არ არსებობს, არსებობს ხელოვნება და არახელოვნება“. ეგვიპტური ხელოვნების მონაპოვარი, საოცარი ბუნებითა და თავისებურებებით გამორჩეული, რომელიც ქვეყნიერებას მოწყვეტილმა, უდაბნოებით გარემოცულებმა, თავიანთი ცხოვრების უკვდავსაყოფად შექნეს, ფუნდამენტის ლოდებად იქცა, მომავალი იმპერიების და საერთოდ, კაცობრიობის განვითარების გზაზე. ძველი ეგვიპტელების მარადიული სიცოცხლე მათ ხელოვნების ნიმუშებშია გამოძერწილი, ეგვიპტის დედოფალი ხატშუპსუტი თავის მარადიულ უკვდავებაზე 3500 წლის წინ იწერებოდა : „მე ვიციმციმებ უკუნითი უკუნისამდე თქვენს თვალთა წინა ნებითა მამისა ჩემისათა... მე აღვასრულებ იმას, რაის იხილონ და თქვან: „რა მშვენიერია იგი, ვისი ხელითაც იქმნა ესე“...“.
No comments:
Post a Comment