Wednesday, January 29, 2014

ანტიკური ხანა და ხელოვნება

კულტურა“ ზუსტად ძველ კულტურას ნიშნავს, მაგრამ ასე ეძახიან მხოლოდ ბერძენთა და რომაელთა კულტურას, რომლებსაც ეს სახელი ტიტულად დაჰყვება ისტორიის ფურცლებზე. არჩევენ ოთხ პერიოდს : არქაიკას, ელინიზმს და რომაულ კულტურას.
ანტიკური კულტურა ძველი წელთაღრიცხვის მეორე ათასწლეულში იღებს სათავეს ეგეოსის კუნძულებსა და მცირე აზიის სანაპიროებზე, უმაღლეს აყვავებას კი აღწევს მეხუთე-მეოთხე საუკუნეებში ახალ ერამდე.
საბერძნეთში ლიტერატურა და ხელოვნება აყვავდა ქვეყნის ძლიერების და კეთილდღეობის ეპოქაში. ესქილეს, სოფოკლეს, ევრიპიდეს ტრაგედიები, ფერწერის და ქანდაკებების საოცარი ნიმუშების შექმნა, პერიკლეს ოქროს საუკუნე ერის ძლიერებისა და თავისუფლების გამოძახილია.
ბერძნულ-რომაული ხელოვნების ნიმუშებში იგრძნობა  თავისუფლების ძალა, არა მარტო სახელმწიფოს დამოუკიდებლობა თუ ეკონომიკური სიძლიერე, არამედ ადამიანის გენიისათვის ფართო საწიერის დათმობა, გახდა მიზეზი, დაბადებულიყო აფროდიტე ზღვის ქაფისგან, აემოძრავებინა მირონს ბადროს მტყორცნელი, ბრძოლა გაემართა, სკოპასს რელიეფზე, ბერძენ მებრძოლებსა და ამორძალებს შორის.
ბერძნული ხელოვნების საგანძური უპირატესად ქადაკებითა და რელიეფითაა მდიდარი. ესაა ქვაში გაცოცხლებული დიდი მითოლოგია, დიდი პოეზია, სიჭაბუკისა და სილამაზის მზედაუვალი დიდება.
ბერძენი ოსტატები იყენებდნენ ხეს, კირქვას, მარმარილოს, ბრინჯაოს, თაბაშირს, ოქროს, სპილოს ძვალს, ძვირფას ქვებს და ყველაფერს ავსებდნენ სიცოცხლით, მანამდე არნახული პროპორციულობით და რეალისტური ქმნილებებით, მოიპოვებდნენ უკვდავებას თავიანთი შემოქმედების სიცოცხლის ხარჯზე. როგორ ღმერთმა შექმნა ადამიანი საკუთარი თავის სადიდებლად ასევე ხელოვანი ქმნის- საკუთარი თავის უკვდავსაყოფად. ბერძნული ნამუშევრების მხოლოდ უმცირესი ნაწილი გადაურჩა დროის ქარტეხილს და დღეს გაბნეულია მსოფლიოს მრავალ მხარეში, მუზეუმებში, ახარებს მრავალ ადამიანს თავისი დახვეწილობით, განუმეორებელი სილამაზით, საოცარი ფორმებით. „ეს იყო კაცობრიობის ბავშვობა და როგორ არ განმეორდება ცალკე ადამიანის ბავშვობა, ისე არ განმეორდება ბერძენთა მითოლოგია და ხელოვნება. ფასდაუდებელია რომაელთა ღვაწლი უკვე იმითაც, რომ ბერძენთა აწ დაკარგული ქმნილებების ასლი შემოგვინახეს“.
გასაოგნებელია მათი დამოკიდებულება ადამიანური სილამაზისადმი, ისინი აღმერთებენ ადამიანურ სრულყოფილებას, ცდილობენ სრულყოფილად გადმოგვცენ ადამიანის პროპორციები, მუსკულატურა, თმის სიფაფუკე, სახის ნაკვთები, კაცის ძლიერება და ქალის არნახული სილამაზე. ხელოვნება სარკეა, რეალიზაციაა ადამიანთა ბუნებისა, როგორი ლამაზი ბუნების მქონენი იყვნენ ადამიანები, რომლებმაც შექმნეს აფროდიტეს მშვენიერი ბიუსტი, რომელიც ერმიტაჟს ამშვენებს. ისინი ღმერთებსაც კი  ადამიანის სახით გამოხატავდნენ, ღმერთებში მათ ადამიანური სილამაზე უყვარდათ. ბერძენი ხელოვანები განსხვავებით ეგვიპტური კულტურისაგან, რომელშიც ხელოვნება უფრო დაშინების, ადამიანზე ზეგავლენის მოხდენის, იარაღად იყო ქცეული, ქმნიდნენ ღმერთების ქანდაკებს, ფერწერულ ნამუშევრებს  ხალხის სიყვარულის მოსაპოვებლად, ბერძნებს უფრო უყვარდათ თავიანთი ღმერთები ვიდრე ეგვიპტელებს, რომლებსაც უფრო ეშინოდათ პირამიდის კედლებზე გამოხატული ნახევრად ცხოველური ღმერთების ვიდრე ბერძნებს ზევსისა, რომელსაც ფართოდ გაუშლია ხელები და ქარიშხალს იწვევს, თუ პოსეიდონისა, კუნთებდაჭიმული მრისხანე მბრძანებელისა, რომელიც სამთითით ემუქრება უხილავ მტერს.  სწორედ ადამიანის გენიის თვითნებობამ განაპირობა ბერძნულ კულტურის საოცრად მოკლე დროში სრულყოფისთვის და გაუგონარი დახვეწილობისთვის მიეღწია. როდესაც ეგვიპტეში ათასი წლების განმავლობაში არსებითად ერთი სტილი ბატონობდა, მიუხედავად ეგვიპტის სახელმწიფოს სიძლიერისა და ნილოსის გულუხვობისა. ეგვიპტელებს აკლდათ ის რაც ჰქონდათ ბერძნებს, თავისუფალი ნება, საკუთარი გენიის გამოყენებისა. ეგეოსური კულტურის ნიმუში მოცეკვავე გველებიანი ქალღმერთი, თითქმის 30 სმ სიმაღლისა, ეგვიპტურ და შუმერულ ხელოვნებათა ზეგავლენისა თუ სიახლოვის ნიშნებით, და მაინც განსხვავებული გაშიშვლებული მკერდით, კონუსური კაბით ფართო თვალებით, იგი ქალღმერთია, მაგრამ მიმზიდველია და არა საშიში. 3700 წლის ეს ქალღმერთი კვლავაც „ცეკვავს“ და ხელოვნების ყველა მცოდნეს აოცებს. მხატვარი უნდა იყოს თავისუფალი, ან ის მხატვარი აღარ არისო წერდა პოლ გოგენი თავის მეგობარს 1897 წელს. ეს კარგად იცოდნენ ბერძენმა ხელოვანებმა, რომლებიც თავისუფლად გადმოსცემდნენ საკუთარ გრძნობებს, ქალღმერთების გამოხატავდნენ მათ გონებაში შექმნილი იდეალური ქალის სახით, ფიგურით. თავისუფლად გადმოსცემდნენ ვნებებს, სურვილებს, სიყვარულს, ქალის სილამაზის მიმართ, და მამაკაცის პირველობას, მისი ფიზიკური სიძლიერის მეშვეობით. მხოლოდ  „კნიდოსელი აფროდიტეს“ ნახვა არის საკმარისი, პრაქსიტელის ოცნებების წასაკითხად. აფროდიტე  ხელოვნების უნიკალური ძეგლი, პირველი შიშველი აფროდიტეს ქანდაკი, ვნებიანი ქალღმერთი ბანაობის წინ, სამოსი მხოლოდ ტანის ქვედა ნაწილს უფარავს რომელიც თითქოს მალევე ზღვის ქაფში ჩაუცურდება, მაგრამ მხოლოდ პრაქსიტელია პირველი და უკანასკნელი, რომელმაც  ეს ქალღმერთი სამოსის გარეშე იხილა. პლატონი, ბერძენთა სწორუპოვარი ფილოსოფოსი და პოეტი, ყველა დროის დროისა და ხალხის დავისა და აღტაცების საგანი, თეორიულად ხელოვნებისა და კაზმული ლიტერატურის მგმობელი. თავის ერთ-ერთ ლექსში პრაქსიტელს ადიდებს, აფროდიტეს შექმნისთვის, მის ლექსში აფროდიტე კითხულობ : „ნეტავ, სად უნდა ეხილა ასე თავხედ პრაქსიტელს სიშიშვლე ჩემი?“. „კნიდოსელი აფროდიტე“ ადამიანის მშვენიერების ტრიუმფია. გასაკვირი არც არის რომ კნიდოსელებმა არ დაუთმეს ქალღმერთი მეფე ნიკოდიმოსს, რომელიც სამაგიეროდ ყველა ვალის პატიებას სთავაზობდა.  
ანტიკური ხანის ქანდაკები შეიძლება გამოხატავდეს მითიური ღმერთების სიძლიერეს მაგრამ, მათი სიძლიერე სამაგალითოა და არა შიშის მომგვრელი. ფიდიასის ზევსის ქანდაკი, რომელიც ანტიპატე სიდონელმა შემოგვინახა, მისი ძველი მსოფლიოს შვიდ საოცრებაში შეტანით, ოლიმპიაში აღმართული ოქროს და სპილოს ძვლისგან გამოძერწილი 17 მეტრამდე სიმაღლის „მპყრობელი ცისა და მიწისა“, ზეთისხილის რტოებით შუბლდამშვენებული და წელს ზემოთ შიშველი, მშვიდი და ამაღლებული, მეხთამტყორცნელი ამაყად იჯდა ტახტზე მთელი 900 წელი, ვიდრე ახ. წ. V საუკუნეში ხანძარმა არ იმსხვერპლა. აღსანიშნავია ისიც, რომ ანტიპატეს შვიდი საოცრებიდან ოთხი ბერძნული ცივილიზაციის მიერ იქნა შექმნილი.
ჟამთა სიავეს უმეტესად ქვა და ბრინჯაო გადაურჩა. ამიტომ შედარებით ძნელია მსჯელობა მხატვრებზე. მაგრამ ბერძნებს ჰყავდათ ფუნჯის ჯადოქრებიც: პოლიგნოტი, ზევსკსისი, აპელესი, აპოლოდორე...  მათო ნამუშევრები თითქმის არ არის ჩვენამდე მოღწეული მხოლოდ რომაელთა ასლები და მითები გვინახავენ ხალხის განწყობას ფერწერული ნამუშევრების შესახებ შესახებ, გამორიცხულია რომ ხელოვნების და ლიტერატურის ასეთ კლასიკურ ქვეყანაში ამ ოსტატთა სახელები ყალბი დიდებით შეემოსათ.
ბერძნები აფასებდნენ არამარტო ნამუშევრებს არამედ უყვარდათ და აფასებდნენ მათ შემმოქმედლებსაც, მაგალითად პოლიგნოტმა ფერწერული ნამუშევარი „ოდისევსისთვის“ გასამჯელოს მიღებაზე უარის თქმის შემდეგ, მას მთელ საბერძნეთში უსასყიდლოდ ცხოვრების უფლება უბოძეს - სადაც უნდა მისულიყო და რაც არ უნდა ეთხოვა.

ბერძნები პირველები გადავიდნენ კედლის მხატვრობიდან დაზგურზე. გამოჩენილი მხატვარი აპოლოდორე და მისი მოსწავლეები ხვეწდნენ წლების მანძილზე ამ ხელოვნებას. მისმა მოსწავლეს ზევკსისს დაუხატავს ცნობილი ყურძნის მტევანი, რომელსაც ჩიტები ნამდვილივით აწყდებოდნენ და კენკავდნენ თურმე. მაშინ კი ზევსკისის მეტოქეს პარაზიოსს დაუხატავს ფარდა, რითაც მტევანი დაჩრდილა ; მნახველნი მის გადაწევას ცდილობდაო. ამბობენ თვითონ, ზევსკისმაც სთხოვა, ფარდა გადაეწია, როცა მიხვდა, რომ შეცდა პირველობის პალმა პარაზიოს დაუთმო: მე ჩიტები მოვატყუე, პარაზიოსმა კი მე მომატყუაო! მერე თვითონვე გაბრაზებულა თავის თავზე ; ყურძენი უკეთ დამიხატავს ვიდრე ყმაწვილი, თორემ ჩიტებს ყმაწვილის შეეშინდებოდათ, მტევანს აღარ მიეკარებოდნენო! ასეთია ლეგენდა.


ხელოვნების ზემოქმედება ეგვიპტეში



ხელოვნება დროის შვილია, სარკეა კაცობრიობის, ხედავს და იზიარებს მის მდგომარეობას, იბრძვის და იღწვის მასთან ერთად. საუკუნეების და ათასწლეულების მანძილზე ვითარდებოდა ხელოვნება, ალტამირის ჭერის მოხატულობიდან ეგვიპტის ტაძრის მოხატულობამდე, პართენონის ტაძრის ფრიზებამდე, ფიდიასისა და პრაქსიტელის შდევრებამდე. „თუ ხალხთა ისტორიაში არის ამაღლება, დაცემა და კვლავ ამაღლება იგივე ხდება ხელოვნების ისტორიაშიც, რადგან კაცობრიობის ბედით ცხოვრობს, იგი მისი ისტორიული წარსულის ანარეკლია“.  ადამიანის გენია ხელოვნების ნიმუშებს ქმნიდა მაშინ, როცა ჯერ კიდევ ვერ იმოსავდა სხეულს და ვერ აშენებდა სახლს, ცხოვრობდა გამოქვაბულში თუ ხიმინჯებზე ნაგებ საცხოვრებელში, ზღვისპირას თუ შუაგულ ხმელეთზე, ქვისა თუ ბრინჯაოს ხანაში. შუამდინარეთის ნაყოფიერ თუ აფრიკის ცენტრში.
„ხმელთაშუა ზღვა იყო ის ლურჯი აკვანი, რომლის გარშემოც გაიფურჩქნა ძველი ცივილიზაციის უმდიდრესი ბაღნარი. ეგვიპტის, შუმერის, ასირიის, ბაბილონის, ფინიკიის, მერე საბერძნეთისა და რომის ხელოვნებას კრძალვით მოიგონებს კაცთა მოდგმა, ვიდრე იარსებებს.“
პირველი აშკარა და ერთ-ერთი თვალსაჩინო გამოვლინება საზოგადოების ცხოვრების და ხელოვნების შორის კავშირისას, წარმოადგენს ძველი ეგვიპტე. ისეთი შორეულ წარსულში რომ მასთან შედარებით ძველი საბერძნეთი მახლობელი გვეჩვენება. ძვ. წ. III-II ათასწლეულში ხელოვნებას ისეთი მნიშვნელობა ქონდა მინიჭებული, რომლსაც, მანამდე და მის მერეც, პრეცენდენტი არ ყოლია. ისინი ცდილობდნენ შეექმნათ ღვთიური ხელოვნება, რადგან ფარაონები თავიანთ საბრძანებელს ისე განაგებდნენ, როგორ ღმერთები, „ღმერთებს კი ხელოვნებაც ღვთაებრივი ესაჭიროებოდათ“; აგებდნენ კიდეც უზარმაზარ პირამიდებს, სფინქსებს, სვეტებს, სამარხებს. ფარაონებმა იცოდნენ და საუკეთესოდ იყენებდნენ ხელოვნების ძალას. ზრუნავდნენ ხურორთმოძღვრებზე, მხატვრებზე, მოქანდაკეებზე, რადგან მათი დახმარებით ქმნიდნენ ისეთ ხელოვნების ნიმუშებს, რომლის მსგავსი კაცობრიობას არ უნახავს, საკუთარი თავების განსადიდებლად, ამასთანავე მყარ საფუძველს უყრიდნენ მომავალი ფარაონების სიდიადეს. პირამიდები სიდიდით და სიმკვრივით აღემატებიან ყველაფერს რაც კი ოდესმე შექმნილა, ხეოპსის პირამიდის სიმაღლე 146-ზე მეტი იყო, სიგანე 233 მეტრი. მის შუაგულში თავისუფლად მოთავსდებოდა წმ. პეტრეს ტაძარი და დარჩებოდა ადგილი ათენის პანთეონისათვის. ტაძრები, რომლების სვეტების სიუხვე გაუვალ  ქვის ტყეებს ქმნიდნენ.  ლუქსორის (ძვ. წ. II ათასწლეულში), ღვთაება ამონისადმი მიძღვნილ, სამლოცველო, რომლის ვარსკვლავებით მოხატული თაღით გამოხატავდა ნილოსის ღამეს. ერთიანად მოხატული კედლების გასწვრივ განლაგებულია ურიცხვი სტატუეტი და ქანდაკება. ხელოვნების ნიმუშები სადაც ყველაფერი მონუმენტური, დიდებული და გრანდიოზულია. ფარაონები უკვდავყოფდნენ თავიანთ გამარჯვებებს ბრძოლის ველზე, შიშის ზარს სცემდნენ ქვეშევრდომებს, მონების დასჯის სასტიკი სცენების კედლებზე ამოტვიფრით. გოლიათური ქანდაკებებით აოცებდნენ ისტორიის მამას ჰეროდოტეს. გრანდიოზული ხელოვნების ნიმუშების მეშვეობით ცდილობდნენ ხალხის დაშინებას, გაოცებას, მოწიწებით მონუსხვას. ფარაონი ეგვიპტეში მთავარი ღვთაების მზის - ამონ-რას, შვილად იყო მიჩნეული, რომელსაც ხელოვნების უნატიფესი ნიმუშების მეშვეობით განადიდებდნენ, ფარაონის ქანდაკებას აკერპებდნენ და უმწეოდ შეჰყურებდნენ მონები. ძველი სახვითი ხელოვნების ნიმუშზე ტუტ-ანხ-ამონის და მისი ცოლის ფერად, ხეზე ნაკვეთ რელიეფურ  გამოსახულებაზე (ძვ. წ. 1400) წერია - „მშვენიერი ღმერთი, ორივე ქვეყნის მპყრობელი, რას ხატება“ ;  „ფარაონის დიდი მეუღლე, ორივე ქვეყნის მპყრობელი ანხესენპაამონი, ცოცხლობდეს მარად.“
უზარმაზარი პირამიდები, სიმბოლო უპრეცედენტო მონური შრომისა, რომელთა მშენებლობა ხშირად ათწლეულების მანძილზე გრძელდებოდა. ხეოპსის პირამიდა, რომელსაც ასი ათასი მონა აშენებდა ოცდაათი წლის განმავლობაში და ყოველ სამ თვეში იცვლებოდა მონათა ეს მასა, ქვიშაში რჩებოდა, იმარხებოდა ათასობით ადამიანი. მარტო ქვის საზიდ გზას ათი წელი აშენებდნენ. მარტივი საშუალებებით ზიდავდნენ უზარმაზარ ლოდებს, რომელთა გადატანას დღეს დასჭირდებოდა ოცი ათასი საბარგო მატარებელი, 600 000 ვაგონი.
ეგვიპტელები ემზადებოდნენ, გარდაცვალების შემდეგ, იმქვეყნიური ცხოვრებისთვის. ფარაონთა სახეებს უკვდავყოფდნენ მუმიების, სფინქსების, გოლიათის ქანდაკებების სახით. რაც მეტი იყო მსგავსება ნეშტსა და ქანდაკებას შორის, მით მეტი იმედი ჰქონდათ, რომ იმქვეყნად მუმიის ორეული მარად იცოცხლებდა. ხელოვნებას ეგვიპტეში საკრალური მნიშვნელობა ჰქონდა მინიჭებული. ნიმუშების შესრულების ოსტატობაზე ამყარებდნენ იმქვეყნიური სიცოცხლის ბედ-იღბალს. ლაიფციგის მუზეუმში ინახება კედრის კუბო, რომელზედაც სამი ათასამდე ფიგურაა გამოსახული. მათ თავიანთი დანიშნულება ჰქონდათ აჩრდილების სამეფოში. მოხატული იყო ნავიც, რომლითაც ცოცხალ ადამიანებს ან სულებს უნდა ეცურათ მიწისზედა თუ მიწისქვეშა ზღვებში. მათი რწმენით ყოველივე ეს დასჭირდებოდათ სულეთში, სადაც ღმერთ ოსირისის დიდ სამსჯავროზე სიტყვა უნდა ეთქვათ.

როგორც ზღვის ტალღებზე მიტოვებული ნავი, ხელოვნებაც ასე ირწევა ადამიანის ხვედრთან ერთად, განდიდებას და დაკნინებას იგი ისევე განიცდის, როგორც საზოგადოება. ეგვიპტემაც კი, ერთდროს ყველაზე განვითარებული ცივილიზაციის კერამაც, გადაულოცა თავისი დიდება მომავალ იმპერიებს. მაგრამ ეგვიპტური ხელოვნება არ მომკვდარა, „მკვდარი ხელოვნება არ არსებობს, არსებობს ხელოვნება და არახელოვნება“. ეგვიპტური ხელოვნების მონაპოვარი, საოცარი ბუნებითა და თავისებურებებით გამორჩეული, რომელიც ქვეყნიერებას მოწყვეტილმა, უდაბნოებით გარემოცულებმა, თავიანთი ცხოვრების უკვდავსაყოფად შექნეს, ფუნდამენტის ლოდებად იქცა, მომავალი იმპერიების და საერთოდ, კაცობრიობის განვითარების გზაზე. ძველი ეგვიპტელების მარადიული სიცოცხლე მათ ხელოვნების ნიმუშებშია გამოძერწილი, ეგვიპტის დედოფალი ხატშუპსუტი თავის მარადიულ უკვდავებაზე 3500 წლის წინ იწერებოდა : „მე ვიციმციმებ უკუნითი უკუნისამდე თქვენს თვალთა წინა ნებითა მამისა ჩემისათა... მე აღვასრულებ იმას, რაის იხილონ და თქვან: „რა მშვენიერია იგი, ვისი ხელითაც იქმნა ესე“...“.